უშიშროების საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განუცხადა .
მისი თქმით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შედგა კონსულტაციები, სადაც გადაწყდა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა ხვალ პრეზიდენტის რეზიდენციის ადმინისტრაციულ ნაწილში გაიმართება.
როგორც ირინე იმერლიშვილმა განმარტა, ვინაიდან უშიშროების საბჭოს აპარატი არის "გადმობარგების პროცესში" და ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციულ ნაწილში დაიდებს ბინას, მომავალშიც უშიშროების საბჭოს სხდომები იქ გაიმართება.
მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს დაესწრება ყველა მინისტრი, ვინც არის საქართველოში. იმერლიშვილის განმარტებით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საბჭოს სხდომა 15:00 საათის ნაცვლად 18:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება იმას, შეუძლია თუ არა უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრონ მინისტრის მოადგილეები, როგორც ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, კანონმდებლობით მინისტრის მოვალეობის შესრულება შეიძლება, თუმცა უშიშროების საბჭოს წევრის მოვალეობის შესრულებას კანონი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მინისტრის მოადგილეები სხდომას არ დაესწრებიან.
ირინა იმერლიშვილის ინფორმაციით, საქართველოში არ იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ყველა მინისტრი კი, ვინც საქართველოშია, ხვალინდელ სხდომას დაესწრება. კერძოდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ასევე, პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეები: თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე.
უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტმა გასულ კვირას მოიწვია. როგორც თავდაპირველად იყო გადაწყვეტილი, ის მთავრობის ადმინისტრაციის მე-7 სართულზე, უშიშროების საბჭოს აპარატის სათათბირო დარბაზში უნდა გამართულიყო.