როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, ეს იყო მართლა შთამბეჭდავი მოხსენება, იმ შთამბეჭდავ ცვილილებზე, რომელიც 2 წლის განმავლობაში გატარდა.
„როგორც მთავრობის წევრმა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და როგორც უფლებადამცველმა, შემიძლია, ამ 2 წელს თამამად დავარქვა ადამიანზე ორიენტირებული, ადამიანზე ზრუნვის, ღირსებისა და თავისუფლების პატივისცემის 2 წელი. ამის ნათელი მაგალითები გვაქვს. მართლაც არასდროს არ ყოფილა სიტყვის თავისუფლება ასე გარანტირებული, არასდროს არ ყოფილა სასამართლო ასეთი თავისუფალი. ვერ დაასახელებთ ქვეყანას, რომელმაც მოახერხა და 2 წელიწადში ჯანდაცვის სფეროში ისეთი შთამბეჭდავი რეფორმა ჩაატარა, როგორც ეს საქართველომ მოახერხა, როდესაც პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს აბსოლუტურად უფასო სერვისი ჯანდაცვის სფეროში მიეწოდება. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი ცვლილებები“, - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ბევრი რამ გაკეთდა დევნილების მიმართულებითაც. კერძოდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში 10000-მდე ადამიანმა მიიღო საცხოვრებელი.
„ასეთი მასშტაბური მშენებლობა ამ წლების განმავლობაში არ განხორციელებულა და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში ყველა იმ დევნილმა, რომელიც საცხოვრებლის უწვავეს პრობლემას განიცდის და ყველაზე მძიმე პირობებში იმყოფება, უნდა მიიღოს ბინა და ამ 2 წლის განმავლობაში ყველაზე მწვავე პრობლემები მთლიანად უნდა გადაიჭრას“, - განაცხადა სუბარმა.