საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზ და ოს ძმებს საერთო მომავალს, პერსპექტივას და საერთო სახელმწიფოს სთავაზობს.
ჩიქოვანის თქმით, კონკრეტულ მუხლებსა თუ დეტალებზე, რა ფორმით იქნება უზრუნველყოფილი ავტონომია, საუბარი ჯერ არაა და ეს საკითხი ორმხრივი მოლაპარაკების საგანია.
"ვთვლი, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუჟღერებია. პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს საერთო მომავალს, საერთო პერსპექტივას და საერთო სახელმწიფოს და საერთო ევროპულ განვითარებას ვთავაზობთ. ჩვენ გვინდა ყველა ის სიკეთე, რაც ევროპულ ინტეგრაციას და ევროპულ მომავალს თან ახლავს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს გავუზიაროთ. აქ არ იყო საუბარი დეტალებზე, კონკრეტულ მუხლებზე, თუ რა ფორმით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ერთიანი ქვეყნის ფარგლებში ავტონომია. ამაზე საუბრები კიდევ შეიძლება და ეს ორმხრივი მოლაპარაკების საგანია. მაგრამ შეთავაზება, რომ ერთ სახელმწიფოში ვიყოთ და ერთად მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რომელიც ევროპულ მომავალს გააჩნია, ჩვენი მხრიდან ურყევია" - განაცხადა ჩიქოვანმა.
15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიაზე და საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას კი დეპუტატმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა ტერიტორიების დეოკუპაცია და ანექციის მცდელობის ხელშეშლაა.
"საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანად კვლავაც რჩება და ეს ნომერ პირველი ამოცანაა, როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და ანექსიის მცდელობის წინააღმდეგობა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას გააჩნია. ამ თვალსაზრისით ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს. შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომელსაც კოორდინაციას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უსაფრთხოების საბჭო უწევს", - განაცხადა ჩიქოვანმა.