თურქეთში, ისტორიულ ტაო- კლარჯეთში არსებულ იშხნის ტაძარზე აღდგენითი სამუშაოები განახლდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტისთვის იშხანში გახდა ცნობილი , სამუშაოები გაზაფხულის შემდეგ შეჩერებული იყო.
ამ დროისთვის მთლიანად იშხნის ტაძარზე ბეტონის ჭერი და ქვემოდან ქვის პერანგია გაკეთებული. მოხსნილია ტაძრის შუაში არსებული კედელი, რომელიც ტაძრის მეჩეთად გადაკეთების დროს ამოაშენეს.
ტაძარში დაწყობილია ხის მასალა, რომელიც სავარაუდოდ შიდა სამუშაოებისა და ტაძრის გადახურვისთვის არის საჭირო. იშხნის საკურთხეველთან გარე პერიმეტრზე გაკეთებულია დრენაჟი, რითაც ტაძრის საძირკველში წყლის ჩადინება აღარ მოხდეს.
ასევე, ეკლესიის დასავლეთის მხარეს, გარედან ამოშენებულია კედელი, რომლის წყობამ აღდგენითი სამუშაოების დაწყების დროს ქართველ სპეციალისტებში უკმაყოფილება გამოიწვია. ქართველი სპეციალისტების ამბობენ, რომ წყობა თურქული ყაიდისაა.
იშხნის ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა. იმ ადგილზე ტაძარი პირველად მე-7 საუკუნეში ნერსე ეპისკოპოსს აუშენებია, შემდეგ - საბა იშხნელს. ტაძარი სხვადასხვა დროს გადააკეთეს. ამჟამად ჩვენამდე მოღწეული ტაძარი კი მე-11 საუკუნისაა, ჯვარ-გუმბათოვანი. იშხანი საეპისკოპოსო ცენტრი იყო და მსახურება იქ მე-18 საუკუნემდე სრულდებოდა, ვიდრე უკანასკნელი ბერი არ გარდაიცვალა.