მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა

მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა

ენერგეტიკის მინისტრმა პრემიერის ანგარიშის კომენტირებისას საყოველთაო დაზღვევა, განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში განხორციელებული ცვლილებები გამოყო. რაც შეეხება ენერგეტიკას, კალაძის თქმიშ, ის ბედნიერია, რომ   მისი დარგი უცხოური ინვესტიციებით პირველ ადგილზეა.

კალაძის თქმით, ის ბედნიერია, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეულია და ექიმის მომსახურებაში ფულს არ იხდის. კალაძემ ასევე განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მის დარგში განხორციელებული ცვლილებებიც გამოყო.

"ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუნდაც პენსია 150 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ისიც გვესმის, რომ ეს ძალიან ცოტაა და მომდევნო წლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა  პენსიონერებისთვის ეს თანხა გაიზარდოს. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურად  დაუცველებისთვის ასაღები თანხების გაორმაგება. ეს თანხები მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა აღვნიშნო განათლების მიმართულებით ჩატარებული რეფორმები, რადგან ხელისუფლებისთვის ეს დარგი პრიორიტეტულია. მიგვაჩნია, რომ რაც უფრო მეტი განათლებული ახალგაზრდა გვეყოლება, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ძალიან კარგი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ პატარებს, როდესაც ისინი სკოლაში მიდიან,  სახელმძღვანელოები მერხებზე ხვდებათ და მათ ოჯახებს წიგნების შეძენისთვის გარკვეული თანხის გადახდა არ უწევთ. მეამაყება, რომ ბოლო ორ წელიწადში იმდენი მიწა დამუშავდა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ და მოხდება სუბსიდირება, მანამ სანამ სოფელი და გლეხი წელში არ გაიმართება. ასევე მინდა გამოვყო ეკონომიკის მიმართულებით "აწარმოე საქართველოში" პროექტი, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესის განვითარებას, ჩვენ აქაც ვახორციელებთ სუბსიდირებას, რათა ადგილობრივ წარმოებას და ადამიანების დასაქმებას ხელი შევუწყოთ. რაც შეეხება ჩემს დარგს, ბედნიერი ვარ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ჩემი დარგი პირველ ადგილზეა. ძალიან დიდია ინტერესი ამ მიმართულებით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უახლოეს მომავალში საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდეს" - განაცხადა კალაძემ.