მართვის მოწმობის მსურველები ახალი ბილეთებით გამოცდას 15 დეკემბრიდან ჩააბარებენ

მართვის მოწმობის მსურველები ახალი ბილეთებით გამოცდას 15 დეკემბრიდან ჩააბარებენ

მართვის მოწმობის აღების მსურველები გამოცდას ახალი ბილეთებით ჩააბარებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან აცნობეს , ბილეთები კვლავ იქნება ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, რუსული, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ 2013 წლის დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საგზაო მოძრაობის შესახებ უსაფრთხოების კანონი, რომლის მიხედვითაც იყო შექმნილი ძველი საგამოცდო ბილეთები. ამავდროულად, ამოქმედდა ახალი კანონი და სწორედ ამ კანონზეა მორგებული მართვის მოწმობის ახალი ბილეთები. კერძოდ, ახალი კანონის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ ძველი ბილეთები ახლის დამტკიცებამდე იმოქმედებდა. მომსახურების სააგენტოს ცნობით, კი ახალი ბილეთები მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 21 ოქტომბერს დამტკიცდა და ძალაში 15 დეკემბრიდან შედის.

"საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო და საერთაშორისო სამართლებრივ ინსრუმენტებს სხვადასხვა სფეროში. ევროპარლამენტისა და ევრო საბჭოს დირექტივა მართვის მოწმობის თაობაზე დირექტივა ითვალისწინებს მართვის მოწმობის გაცემის და გამოცდების ჩაბარების წესის ამ დირექტივასთან დაახლოებას რის საფუძველზეც განხორციელდა ცვლილებები", - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

მათი განმარტებით, ახალ ელექტრონულ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალი.

"ახალ ელექტრონულ ბილეთებში გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეო რგოლები რის საშუალებითაც კანდიდატს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების ელექტრონულ ვერსიაში მოხდება საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციის გადაადგილება მათი შინაარსის შეუცვლელად, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს", - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

მათივე ცნობით, ახალ ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტო მაგისტრლებისა და ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თავლსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა.

"ახალი ბილეთები გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე", - აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.