„ეს არის ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის გაწვდილი ხელი, რათა ვიცხოვროთ ერთად“

„ეს არის ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის გაწვდილი ხელი, რათა ვიცხოვროთ ერთად“

ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აფხაზებისადმი პრემიერ-მინისტრის იმ მიმართვას, რომელიც 2-წლიანი ანგარიშის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

რაც შეეხება 2-წლიან ანგარიშს, მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა.

„დღეს მე მოვისმინე ბევრი ისეთი რამ, რაც უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე თვითონ არ ვიცოდი და მე თვითონ დავრჩი გაოცებული და ამაყი იმ მიღწევებით, რაც მთავრობას აქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო ძალიან კონკრეტულ ფაქტებზე აგებული სიტყვა და მასში არ იყო ზოგადი. იყო საუბარი კონკრეტულ მიღწევებსა და გეგმებზე. საგარეო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტების ხაზგასმა, რომელმაც განსაზღვრა ბოლო 2 წელი საგარეო კუთხით - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ნატო-ს არსებითი პაკეტის მიღება, აღიარებათა რიცხვის შემცირება და ა.შ.“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება აფხაზებისა და ოსებისადმი მიმართვას, რომლის შესახებაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ეს არის აფხაზი და ოსი ძმებისთვის გაწვდილი ხელი.

„ეს არის ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის გაწვდილი ხელი იმისთვის, რომ ვიცხოვროთ ერთად და ერთად ვისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რომელიც იქნება საქართველოში მომავალი წლების განმავლობაში. არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციის კუთხით, არამედ საერთოდ, დემოკრატიული განვითარებით, რომელიც ჩვენი მთავრობის ამოცანაა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.