"ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ძალაუფლება უფრო ჰუმანურია"

ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლების ორწლიან საქმიანობას აფასებს.

როგორც ხუხაშვილმა "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, "ის კაპიტალისტური ურთიერთობები, სადაც ყველას და ყველაფრის დირექტორი იყო ხელისუფლება, რომელიც თავის ფუნქციას აგრესიულად ასრულებდა, აღარ არსებობს".

"ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ძალაუფლება უფრო ჰუმანურია. ის კაპიტალისტური ურთიერთობები, სადაც ყველას და ყველაფრის დირექტორი იყო ხელისუფლება, რომელიც თავის ფუნქციას აგრესიულად ასრულებდა, საბედნიეროდ, აღარ არსებობს. გარდა ამისა, გარკვეული მიღწევები არის სოციალურ სფეროში - საყოველთაო დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვერ ვიტყვი, რომ სხვა მიმართულებით სისტემური გარღვევა გვაქვს, ვერც ეკონომიკის და დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრების მიმართულებით. ველოდი, რომ პროცესები უფრო მეტი დინამიკით წავიდოდა წინ, ეს ასე არ ხდება და ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა. 

მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რაზეც ხელისუფლებას გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მათ შორის, არის ის, თუ "როგორ მოიქცევა ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" დაანონსებულ აქციაზე". 

ასევე გამოცდა იქნება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და მივლენ თუ არა მინისტრები უშიშროების საბჭოზე.

"ის არასახელმწიფოებრივი კომენტარები რაც ისმოდა, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების კუთხით, ყოვლად მიუღებელია. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი თუ აქვთ ამ ადამიანებს, არ ვიცი. ხელისუფლებისთვის ასევე ტესტია მოსმენების თემა. ინტრიგა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის კონფლიქტი სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც საკმაოდ მძაფრ ფაზაში უნდა შევიდეს, თუ ხელისუფლება ამ ბერკეტს არ დათმობს. როგორც ჩანს, ნოემბერი ისეთივე იქნება, როგორც 2007 და 2003 წელს. საერთოდ, ქართველებს ნოემბერი და მაისი ძალიან გვიყვარს, ეს არის პოლიტიკურად აქტიური ფაზა",-განაცხადა ხუხაშვილმა.