„პირობას გაძლევთ, რომ ის პროგრესი, რისი მიღწევაც შევძელით, აუცილებლად გაგრძელდება“

„პირობას გაძლევთ, რომ ის პროგრესი, რისი მიღწევაც შევძელით, აუცილებლად გაგრძელდება“

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ის, რაც 2 წლის განმავლობაში გაკეთდა, დაუღალავი შრომის ნაყოფია.

ამის შესახებ სერგეენკომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საზოგადოებისთვის მუშაობის 2 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„პრემიერმა ისაუბრა იმ 2 წლის მიღწევების შესახებ, რისი განხორციელებაც შეძლო საქართველოს მთავრობამ. შემიძლია ვთქვა, რომ იმ გამოწვევებისა და იმ რეალური პარიტეტის ფონზე, რაც იყო 2 წლის წინ, არა თუ მარტივი არ იყო, არამედ, დიდი მობილიზაცია და დაუღალავი შრომა სჭირდებოდა იმას, რომ თუნდაც ის მოკრძალებული მიღწევები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, რეალიზებული ყოფილიყო“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების შესაფასებელია და ამაზე ხალხმა უნდა იმსჯელოს.

„მე გამიჭირდება საკუთარი სამინისტროს მიღწევების ჩამოთვლა, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს იყო დაუღალავი შრომის ნაყოფი. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამუშაო არ დასრულებულა და ის პროგრესი, რისი მიღწევაც შევძელით, აუცილებლად გაგრძელდება. დამერწმუნებთ, რომ მომავალ წელს ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თუნდაც ახალი პროექტები შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა სერგეენკომ.