ჩვენი კულტურა სულ უფრო საინტერესო უნდა გავხადოთ მთელი მსოფლიოსათვის

ჩვენი კულტურა სულ უფრო საინტერესო უნდა გავხადოთ მთელი მსოფლიოსათვის

ჩვენი კულტურა სულ უფრო საინტერესო უნდა გავხადოთ მთელი მსოფლიოსათვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც საზოგადოებას 2-წლიანი ანგარიში წარუდგინა.

მისი თქმით, მთავრობამ დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის, ძეგლთა აღდგენისა და დაცვის ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა მუცოს გადარჩენა, ჩაჟაშისა და დართლოს რეაბილიტაცია.

"უკვე დაწყებულია ვარძიის, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული ძეგლის გადარჩენის პროექტი. მინდა ვთქვა, რომ ყველა პროექტი, რომელსაც ძეგლთა დაცვის მიმართულებით ვახორციელებთ, თანამიმდევრული და საფუძვლიანია. მთავარია, რომ თითოეული მათგანი განხორციელდეს უმაღლეს დონეზე, ისე, რომ არ გაჩნდეს კითხვები ხარისხთან დაკავშირებით. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ იქნება ძეგლების ფასადური აღდგენა მხოლოდ ვიზუალური ეფექტის მოსახდენად. ძეგლების რესტავრაცია მოხდება ისე, რომ მათ შეუნარჩუნდეთ პირვანდელი სახე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რაც, სამწუხაროდ, ბაგრატის ტაძარს დაემართა. ჩვენი კულტურა სულ უფრო საინტერესო უნდა გავხადოთ მთელი მსოფლიოსათვის", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის, რადგან მართლაც ბევრი გვაქვს სათქმელი მსოფლიოსთვის ჩვენი თვითმყოფადი კულტურის შესახებ. ჩვენ ტურიზმის მეშვეობითაც შეგვიძლია ქართული კულტურა გავაცნოთ მსოფლიოს. სასიხარულოა, რომ ვიზიტორების რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია, რასაც, რა თქმა უნდა, კულტურულთან ერთად მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგიც მოჰყვა - შემოსავალმა 2 მილიარდნახევარი დოლარი შეადგინა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხორციელდება სპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა, რისთვისაც 47 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

"გარდა ამისა, ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს ახალგაზრდებისთვის. გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ამჟამად ვემზადებით 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩავატარებთ. 2015 წელს თბილისში ჩატარდება უეფა-ს სუპერ თასის ფინალური მატჩი, რაც ნამდვილი დღესასწაული იქნება ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.