ჩვენ არასდროს შევიჭრებით ტელევიზიაში და სამაგალითოდ არ დავსჯით ჟურნალისტებს

ჩვენ არასდროს შევიჭრებით ტელევიზიაში და სამაგალითოდ არ დავსჯით ჟურნალისტებს

არ შევიჭრებით ტელევიზიაში და სამაგალითოდ არ დავსჯით ჟურნალისტებს მათი სიუჟეტების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა არ აპირებს, რომ კრიტიკის გამო დაიჭიროს ადამიანები, მათი ოჯახის წევრები.

"და მაინც, ხშირად ისმის კრიტიკა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ კრიტიკის, გამო, თუნდაც სრულიად უსაფუძვლო კრიტიკის გამო, დავიჭიროთ ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, დავაშინოთ მათი შვილები და მშობლები (რაც უახლეს წარსულში, სრულიად სამარცხვინოდ, უამრავმა ჩვენმა მოქალაქემ საკუთარ თავზე გადაიტანა). ჩვენ განსხვავებული აზრის გამო არასდროს ხელვყოფთ კერძო საკუთრებას, არ შევიჭრებით ტელევიზიაში და სამაგალითოდ არ დავსჯით ჟურნალისტებს მათი სიუჟეტების გამო. ჩვენ არ ვაწამებთ ადამიანებს და ამით არ დავაშანტაჟებთ მათ ახლობლებს. ჩვენ არასდროს შევქმნით ჩვენგანვე მართულ ოპოზიციას, საკუთარ, დაქირავეულ ექსპერტებს და ჟურნალისტებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თავისუფალი საზოგადების შექმნას ხელს უწყობენ.

"ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ შეშინებულ და დასტრესილ საზოგადებას, რადგან ჩვენ თავისუფალი საზოგადების შექმნას ვუწყობთ ხელს. ჩვენ ადამიანების თავისუფლებას და ღირსებას ვცემთ პატივს! ჩვენ მათთვის ვმუშაობთ და მათ წინაშე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას! და ყველა შედეგი, რასაც აქამდე მივაღწიეთ და რასაც მივაღწევთ უახლეს მომავალში, სწორედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, მისი თავისუფლებისა და ღირსებისთვის გვინდა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.