ჩვენი პოლიციელების დამსახურებაა, რომ საქართველო არაერთხელ მოხვდა უსაფრთხო ქვეყნების რიგში

ჩვენი პოლიციელების დამსახურებაა, რომ საქართველო არაერთხელ მოხვდა უსაფრთხო ქვეყნების რიგში

პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული და ეს ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი დამსახურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მისი თქმით, დღეს ვერავინ იტყვის, რომ ქვეყანაში პოლიცია ვინმეს პოლიტიკური ნიშნით დევნის ან რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურშია.

"დღეს ჩვენი პოლიცია ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს, იცავს წესრიგს და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, და ხშირად ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად ხდება", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გაუქმდა სადამსჯელო ორგანიზაციები - სოდი და კუდი, სადაც კრიმინალები მუშაობდნენ.

"მათი ნაწილი პასუხისგებაში იქნა მიცემული. ის, ვინც ღირსეული იყო, დარჩა სამინისტროში. განადგურდა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ვიდეო ჩანაწერი. ეს იყო სირცხვილი, რომლის განმეორებას ჩვენ აღარასდროს დავუშვებთ", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 100-ზე მეტ ობიექტს; 2013 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალშვილიანი თანამშრომლები ყოველთვიურ 200-დან 500 ლარამდე დახმარებას იღებენ; ასევე, ფინანსდება თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა მკურნალობის ხარჯები, როგორც საქართველოში, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთ.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2014 წლის 5 თვის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომელთა მკურნალობაზე 1 მილიონ 75 ათასი ლარი დაიხარჯა.

"განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვრის დაცვას. საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 ახალი სასაზღვრო სექტორი; საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთზე - 2 სასაზღვრო სექტორი; საქართველო-სომხეთის მონაკვეთზე - 4 სასაზღვრო სექტორი; საქართველო-თურქეთის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი.

2014 წლის ბოლოსთვის კიდევ 3 ახალი სასაზღვრო სექტორი გაიხსნება.

2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ.

საერთაშორისო კვლევების მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ორგანიზებულ დანაშულთან ბრძოლაში 48 საფეხურით გაუმჯობესდა", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს სწორედ პოლიციელების დამსახურებაა, რომელსაც ხან სააკაშვილი აკრიტიკებს, ხან ოპონენტები.

"მათ საქმიანობას სჭირდება დაფასება. ხშირად მეუბნებიან, რატომ ამბობ მადლობას პოლიციის მისამართით. რა თქმა უნდა, უნდა ვუთხრა მადლობა მათ და კიდევ ერთხელ გეუბნებით მადლობას. თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში უსაფრთხოებაა დაცული, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაა დაცული", - მიმართა ღარიბაშვილმა პოლიციელებს.

მისივე თქმით, პირადად ის და მთელი მთავრობა პოლიციას ყოველთვის გვერდში დაუდგება.

"იმ ფონზე, როდესაც უპრეცედენტო ამნისტია განვახორციელეთ, 17 ათასი პატიმარია გამოშვებული, ამის მიუხედავად, აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდებით, დემოკრატიული მეთოდებით მართავენ ეს ადამიანები სიტუაციას", -განაცხადა ღარიბაშვილმა.