ლაშა მახარაძის საქმეზე დაკავებული სასამართლო პროცესის დახურვას ითხოვდა

ლაშა მახარაძის საქმეზე დაკავებული სასამართლო პროცესის დახურვას ითხოვდა

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ვლადიმერ ბერძენიშვილმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. მას 15 000-ლარიანი გირაოს გადახადის ვადად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 7 დღე განესაზღვრა.

საქალაქო სასამართლოში ბერძენიშვილის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რასაც პროკურატურა დაეთანხმა. ბრალდებული ბერძენიშვილი დღევანდელ პროცესზე ადოკვატის გარეშე იყო. მან შუამდგომლობა დააყენა, რომ ვინაიდან გამოძიებასთან თანამშრომლობს და წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, აღარ არსებობს მიმალვის საფრთხე და აქედან გამომდინარე, ითხოვს გათავისუფლებას.

საქმის პროკურორი მიხეილ ჩხეიძე ბრალდებულის შუამდგომლობას დაეთანხმა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბერძენიშვილის საქმე გამოყოფილია ლაშა მახარაძის მკვლელობის ძირითადი საქმიდან. გამოძიების პროცესში კი ბერძენიშვილმა სრულად ითანამშრომლა პროკურატურასთან და მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის გამოც დაეთანხმება გირაოს შუამდგომლობას.

"ვლადიმერ ბერძენიშვილმა გამოძიებას მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გულწრფელად ითანამშრომლა პროკურატურასთან. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა საჭირო აღარ არის და 15 000 ლარი, რომელიც გირაოს თანხად ბრალდებულმა დაასახელა, სრულად უზრუნველყოფს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების მიზნებს", - განაცხადა პროკურორმა.

აღნიშნული შუამდგომლობის შემდეგ მოსამართლემ გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. პროცესის დასაწყისში ბრალდებულმა ბერძენიშვილმა დააყენა კიდევ ერთი შუამდგომლობა. იგი ითხოვდა, რომ მოსამართლეს პროცესი დაეხურა და მედიას მისი გადაღების საშუალება არ მისცემოდა. ამის მოტივად ბერძენიშვილმა მისი უსაფრთხოება დაასახელა.

ბერძენიშვილის აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა პროკურორი მიხეილ ჩხეიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არც ერთი ნორმა, რომელიც გადაღებას კრძალავს, პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელებულიყო, თუმცა მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა განმარტა, რომ არ არსებობს საფუძველი, რის გამოც, მედიას პროცესის გადაღება უნდა აეკრძალოს. შესაბამისად, ჟურნალისტებს პროცესის სრულად გადაღების საშაულება მიეცათ.

ვლადიმერ ბერძენიშვილი ლაშა მახარაძის მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით, ბერძენიშვილი იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძესთან ერთად. გამოძიების მასალების თანახმად, ოქროპირიძე ლაშა მახარაძესთან სწორედ ბერძენიშვილმა მიიყვანა. ვლადიმერ ბერძენიშვილი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს. ასევე ბრალდებული ეთანხმება პროკურატურის ხელთ არსებულ მტკიცებულებებს, რომელიც პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ დღევანდელ პროცესზე წარადგინა.

საქმის არსებითი განხილვის დაწყების თარიღად 10 ნოემბერი განისაზღვრა.