"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა"

პრემიერ-მინისტრმა ორწლიანი ანგარიშის წარდგენისას ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა პრიორიტეტი არის ადამიანი და მისი ჯანმრთელობა, აუცილებლად იპოვი გამოსავალს.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფერო, რომელშიც ჩვენ ჩავდეთ უდიდესი ძალისხმევა და უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიარდამდე ლარით. დიახ,  ჩვენ ჩავდეთ ეს თანხა ბიუჯეტში იმიტომ, რომ პრიორიტეტები შევცვალეთ. როცა პრიორიტეტი არის ადამიანი და მისი ჯანმრთელობა, აუცილებლად იპოვი გამოსავალს.

ჩვენ ვახორციელებთ ჯანდაცვის ისეთ პროექტს, რომლის მსგავსიც საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს 2 მილიონ 781 ათასი ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თითქმის ნახევრისთვის ჯანდაცვა არ იყო ხელმისაწვდომი. დღეს კი საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეულია.

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ადამიანს, რომელსაც ოპერაცია სჭირდება, მას ეს ოპერაცია უტარდება დროულად და ამაში ფულს იხდის სახელმწიფო. ალბათ, თქვენც გყავთ ახლობლები და ნაცნობები,   რომლებმაც ისარგებლეს ამით. ჩვენი მოქალაქეები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ მათ უკან სახელმწიფო დგას. დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.