"დღეს ვიმკით იმ შედეგებს, რაც სააკაშვილის გაუაზრებელ ნაბიჯებს და დაუბალანსებელ პოლიტიკას მოყვა"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველობის ორი წლის შეჯამებისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვა.

პრემიერის თქმით, ახალი ხელისუფლების ამოცანაა, წარსულის ანალიზით, თავშეკავებით, კონსტრუქციულობით, პროგნოზირებადი მიდგომით, მაგრამ პრინციპულობით მიუახლოვდეს უმთავრეს ოცნებას - საქართველოს გაერთიანებას.

"ჩვენ მოგვიწია ძალიან მძიმე, ძირეული რეფორმების განხორციელება, თუნდაც ის, რაც დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხდება. არის ის უმძიმესი მემკვიდრეობა, უმძიმესი საკითხი ჩვენთვის, თოთოეული მოქალაქისთვის. ეს არის ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგვიტოვა. დღეს ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც სიძულვილის ენას,  მათ გაუაზრებელ ნაბიჯებს, პირველ რიგში, სააკაშვილის და დაუბალანსებელ პოლიტიკას, უგუნურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას  მოჰყვა. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს ტერიტორიაზე ახალი მავთულხართებია გაბმული. ოკუპირებულია წლობით ნალოლიავები და შენარჩუნებული კოდორის ხეობა. ეს სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მოხდა, არ მომხდარა 20-25 წლის ან რამდენიმე საუკუნის წინ, არამედ სულ ახლახან, წინა ხელისუფლების პირობებში. ამ პოლიტიკის შედეგია 10 ათასობით ახალი დევნილი, ორმაგი დევნილებიც კი მივიღეთ - ისინი, ვინც 1992-იან წლებში გახდა დევნილი, დასახლდა ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში, ახალგორში და 2008 წლის შემდეგ ხელმეორედ გახდნენ დევნილები. ამ ადამიანებმა, მათმა შვილებმა მიიღეს უდიდესი სტრესი და დღეს ცხოვრობენ დევნილობაში, საგულდაგულოდ აშენებულ პატარა სახლებში. საქართველოს შუაგულში გაჩენდა დევნილთა ახალი დასახლებები. ეს არის უმთავრესი გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენი ხელისუფლება დგას. ჩვენ საღი გონებით, წარსულის ანალიზით, თავშეკავებით, კონსტრუქციულობით, პროგნოზირებადი მიდგომით, მაგრამ პრინციპულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუახლოვდეთ ჩვენს უმთავრეს ოცნებას - ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში. ჩვენ უნდა შევძლოთ ნდობის აღდგენა. ამას ითხოვს ჩვენგან 21-ე საუკუნის პოლიტიკა და ის გზა, რასაც მე „საქართველოს ოქროს შუალედი" ვუწოდე. ეს არის, ერთი მხრივ, დაბალანსებული პოლიტიკა, ხოლო მეორე მხრივ, განვითარებული და წარმატებული ეკონომიკა, რომელიც მიმზიდველი ხდება ჩვენი ძმებისთვისაც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.