როგორც პრემიერ-მინისტრმა ორი წლის შეჯამებისას განაცხადა, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი და ეს მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვამ.
"მინდა გითხრათ, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში წელს პირველად შემცირდა სიკვდილიანობა, რატომღაც არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მე ეს ძალიან მახარებს. წელს პირველად 20 წლის განმავლობაში დაფიქსირდა პენსიონერთა რიცხვის ზრდა, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი, ეს მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, ეს მოიტანა თავისუფლებამ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონებში აშენდა და მოეწყო 82 ამბულატორია და 30 პროცენტით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი.
"ჩვენ დღეს აქ გვესწრებიან სოფლის ექიმები - თქვენ ყველაზე კარგად გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია, არსებობდეს ამბულატორია სოფლის და რაიონის დონეზე, რადგან კარგად იცით, რას ნიშნავს, როცა პაციენტს კილომეტრების გავლა უწევს ექიმთან მისასვლელად.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ინიციატორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია - ზუგდიდში, სოფელ რუხში დაიწყო მულტიპროფილური, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა. ეს კლინიკა იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონისთვის, არამედ ჩვენი აფხაზი ძმებისთვისაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.