ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების სახელწოდებები შეცვლილია

ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების სახელწოდებები შეცვლილია

თურქეთში, ისტორიულ ტაო- კლარჯეთში ქართველთა ცხოვრების კვალის ამსახველი მხოლოდ საინფორმაციო ბილბორდები გვხვდება , თუმცა, როგორც "ინტერპრესნნიუსის" კორესპონდენტი ტაო-კლარჯეთიდან იუწყება, ზოგიერთი ტაძრისა და ციხე-სიმაგრის წინ განთავსებული სამენოვანი წარწერები თურქეთში ჩასულ უცხოელ და ქართველ ტურისტებს ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციას აძლევს.

მე-10 საუკუნის ოთხთა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაც იმ ტაძართა შორის არის, რომელთა ქართული სახელწოდება ბილბორდზე სწორად აღნიშნული არ არის. სამენოვან საინფორმაციო ბილბორდზე აღნიშნულია, რომ ის არის თექალეს მონასტერი. ტაძრის ქართული ტოპონიმი "ოთხთა ეკლესია", ანუ თურქულად "დორთა ქილისე" კი ფრჩხილებში ჩასმულია. ისტორიკოსი მთვარისა თარხნიშვილის თქმით, მანამდე ეკლესიას თურქები ოთხთას ეკლესიას, ანუ "დორთას ქილისეს" უწოდებდნენ.

მისივე განცხადებით, "თექალეს მონასტერი" ქართულად მარტოციხის მონასტერს ნიშნავს.

"არც ერთ ტაძართან საინფორმაციო ბილბორდზე არ წერია სრული სინამდვილე. მიდის ცუდი ტენდენცია, რათა ძველი ტოპონიმი დაიკარგოს. აქამდე ამ ტაძარს თურქებიც მოიხსენიებდნენ "დორთ ქილისედ" – "ოთხთა ეკლესიად". ახლა აწერია თექალე ქილისე, ფრჩხილებში "დორთ ქილისე". ბილბორდის ქართულ ენოვან წარწერაშიც აღნიშნულია "თექალე ქილისე". აქვე ახლოს არის კავკასიძეების ციხე. მას თურქები თექალეს ეძახიან. თექალე მარტომდგომს, მარტოციხეს ნიშნავს", - განაცხადა მთვარისა თარხნიშვილმა.

InterPressNews.Geმე-10 საუკუნის ოშკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძართან მხოლოდ ორენოვანი წარწერაა. თურქულ საინფორმაციო ბილბორდზე ტაძრის ქტიტორად, მშენებლობის დამფინანსებლად პატრიკიოს გაგიკია აღნიშნული. ინგლისურენოვან ბილბორდზე იგი პატრიარქ გაგიკად არის მოხსენიებული. ქართული საინფორმაციო ბილბორდი ტაძარს საერთოდ არ გააჩნია, პატრიკიოს გაგიკის ნაცლად კი, ერისმთავარი ჯოჯიკი უნდა ეწეროს.

დეკანოზ დავით ქვლივიძის განცხადებით, პატრიკიოსი ერისმთავარს ნიშნავს. ერისთავი კი - ჯოჯიკი იყო. დეკანოზი მიიჩნევს, რომ საინფორმაციო ბილბორდზე ეს უზუსტობა უნდა გასწორდეს.

დამახინჯებულად არის წარმოდგენილი მე-10 საუკუნეში აშენებული ხახულის ტოპონიმიც. მას თურქები ჰაჰოს უწოდებენ. ქართველი ტურისტები საინფორმაციო ბილბორდზე ხახულის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის ისტორიას მხოლოდ ლათინური ასოებით, თუმცა ქართული შინაარსით ამოიკითხავენ.

საინფორმაციო ბილბორდზე პორტას სახელით ხანძთის მონასტერი მოიხსენიება. იგი მე-9 საუკუნეში თავად წმინდა გრიგოლ ხანძთელმა დაარსა. მონასტრის შექმნის ისტორიაც არასწორად არის გადმოცემული. პორტა სოფლის სახელწოდებაა, რომლის მახლობლადაც მონასტერი მდებარეობს.

შეცვლილი აქვს ტოპონიმი არტანუჯის ციხესაც, რომელიც მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ აშენდა. მის მახლობლად მდებარე ვერცხლის საბადოების გამო საინფორმაციო ბილბორდზე ქალაქის ტოპონიმი შეცვლილია და იგი გევჰერნიკის ციხესიმაგრედ მოიხსენიება.