"ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ხალხს, პირველ რიგში, ადამიანს"

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველობის ორი წლის შეჯამებისას განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ცხოვრება დემოკრატიულ კალაპოტში გადაიყვანა.

"ჩვენ პოლიტიკური ცხოვრება სრულიად სხვა - ნამდვილად დემოკრატიულ კალაპოტში გადავიყვანეთ. ორი წელია, ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ხალხს, პირველ რიგში, ადამიანს. სწორედ ადამიანია ჩვენთვის მთავარი ღირებულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში ხელისუფლება არაერთი გამოწვევის და სირთულის წინაშე დადგა, რადგან წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმე იყო.