ქართველმა ხალხმა შიშის გარეშე ცხოვრება აირჩია

ქართველმა ხალხმა შიშის გარეშე ცხოვრება აირჩია

ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" მთავრობის საქმიანობის 2 წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა ემსახურება ხალხს და პირველ რიგში ადამიანს.

"დღეს შესრულდა ზუსტად ორი წელი, რაც ჩვენი მთავრობა შეუდგა თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. ამიტომ მინდა საზოგადოებას ერთგვარი ანგარიში ჩაგაბაროთ და ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგები გაგაცნოთ. ამ დარბაზში გხედავთ ყველასათვის პატივსაცემ ხალხს - ექიმებს, მასწავლებლებს, მეწარმეებს, ჟურნალისტებს, ჯარისკაცებსა და პოლიციელებს, სპორტსმენებს, ახალგაზრდებს - დოქტორანტებს, ჩვენს ძმებს - აფხაზებსა და ოსებს. ჩვენ პოლიტიკური ცხოვრება სრულიად სხვა - ნამდვილად დემოკრატიულ კალაპოტში გადავიყვანეთ. ორი წელია, ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ხალხს, პირველ რიგში - ადამიანს, სწორედ ადამიანია ჩვენთვის მთავარი ღირებულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ორი წლის წინ, ყველამ ერთად შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება.

"ორი წლის წინ ჩვენ, ყველამ ერთად, შევცვალეთ ჩვენი ცხოვრება. არ შემიძლია რამდენიმე სიტყვით არ გაგიზიაროთ ჩემი ემოცია, რომელიც 2012 წლიდან დღემდე მომყვება და რომელიც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. 2012 წელს მე დავინახე ერთ მუშტად შეკრული საზოგადოება, რომელიც გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების გარშემო და არჩევანი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთა - ქართველმა ხალხმა აირჩია ცხოვრება შიშის გარეშე, აირჩია პერსპექტივა თითოეული ადამიანისთვის, ჩვენი ქვეყნის წინსვლა, განვითარება, კეთილდღეობა და საბოლოოდ უთხრა უარი ძალადობასა და უსამართლობას. 2012-ში მე დავინახე საზოგადოება, რომელიც არაფერში არ გაცვლის, არაფრის ფასად არ დათმობს უმთავრეს ღირებულებებს. სწორედ ამ ღირსეულმა საზოგადოებამ ანდო კოალიცია ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას" ქვეყნის მართვის სადავეები და, გარწმუნებთ, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისათვის, ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლისთვის. ეს ნდობა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ჩვენს კოალიციას გამოგვიცხადა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და მომავალ ორ არჩევნებზე თავისი მხარდაჭერა საბოლოოდ დაადასტურა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ორივე არჩევნები ჩავატარეთ უპრეცედენტოდ მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში და ამას აღნიშნავდნენ არა მხოლოდ ამომრჩევლები, რომლებიც პირველად აღმოჩნდნენ ასეთ თავისუფალ საარჩევნო გარემოში, არამედ საქართველოს მეგობარი ქვეყნები და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში იყო, ვერ შეძლო თვითმმართველობის რეფორმის ჩატარება და ქვეყანაში ახალი ტიპის მმართველობის შემოღება, რადგან დეცენტრალიზაცია ხელისუფლების გადანაწილებას გულისხმობს და მას ძალაუფლების დაკარგვის საფრთხედ მიიჩნევდნენ. მისივე თქმით, დღევანდელ მთავრობას ამის არ შეეშინდა.

"თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა პირველად აირჩიეს პირდაპირი წესით 12 ქალაქის მერი და 59 გამგებელი. საქართველოს ქალაქებს, თბილისის გარდა, აქამდე არასოდეს ჰყოლია არჩეული მერები და გამგებლები. ჩვენ ეს რეალობა შევცვალეთ! ჩვენ არც იმის შეგვეშინდა, რომ საარჩევნო ბარიერი 50 პროცენტით გაგვეზარდა, იმის მიუხედავად, რომ მას შესაძლოა მეორე ტური მოჰყოლოდა. თუმცა ასეთი დიდი ბარიერი იმიტომ დავაწესეთ, რომ არჩეულ მმართველებს რაც შეიძლება მეტი ნდობა ჰქონოდათ", - აღნიშნა პრემიერმა.