"ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეებად, შესაძლოა, სამგზავრო საჰაერო ლაინერები იქცეს

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ხელში გადასატანი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსები აღმოჩნდა, რომელთა დახმარებითაც დაჯგუფებას სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდება შეუძლია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "Bild" იუწყება.

გამოცემის მონაცემებით, გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა გერმანელ დეპუტატებს დახურულ შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" აღნიშნული სახის იარაღი სირიის არმიას წაართვა, რომელთა შორის არის მოძველებული სისტემებიც.

გამოცემა ასევე, აღნიშნავს, რომ რამდენიმე ავიაკომპანია, მათ შორის ყატარისა და ავსტრიის ავიახაზები ჯერ კიდევ იყენებს ჩრდილოეთ ერაყის საფრენ ტერიტორიას. "ისლამური სახელმწიფოს" ხელთ არსებული კომპლექსები კი განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის სამგზავრო თვითმფრინავებს მაშინ, როდესაც დაჯდომასა და აფრენას ახორციელებენ.