საქართველო რომ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა იყოს, ასეთი შეთანხმებები საჭირო აღარ იქნებოდა

საქართველო რომ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა იყოს, ასეთი შეთანხმებები საჭირო აღარ იქნებოდა

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს აგრესიული პოლიტიკით არის განპირობებული. "აპნსი.რუ"-ს ცნობით, ამის შესახებ აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.

"აფხაზეთისა და რუსეთისთვის სამხრეთის ფლანგი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან საქართველო აპირებს ნატო-ში შესვლას, აშშ კი აქტიურად ლობირებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. საქართველოს ნატო-ს უამრავი მაღალჩინოსანი სტუმრობს. ჩვენ არ ვიცით, რაზე ლაპარაკობენ ისინი, მაგრამ ცხადია, რომ ისინი საკუთარ სტრუქტურასა და პირად შემადგენლობას ამზადებენ ნატო-ში წევრობისთვის", - განაცხადა ჩირიკბამ.

მისი თქმით, ეს იქნება აფხაზეთისა და რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხე და ამით აიხსნება ახალი შეთანხმება. "საქართველო რომ ყოფილიყო მშვიდობისმოყვარე ქვეყანა, ასეთი ფართომასშტაბიანი შეთანხმებების გაფორმების აუცილებლობა არ იარსებებდა", - განაცხადა დეფაქტო საგარეო მინისტრმა.

ახალი შეთანხმების კომენტირებისას, ჩირიკბამ განაცხადა, რომ საჭიროა მისი დეტალური შესწავლა, რაც ახლა პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს და ამ პროექტზე საჭიროა ექსპერტული დასკვნის წარმოდგენა.

"საჭიროა ამ შეთანხმების ექსპერტების დონეზე განხილვა, ცივი გინება და არა ემოციები, რადგან აფხაზეთის მომავალი და ბედი წყდება", - განაცხადა ჩირიკბამ და დასძინა, რომ სხვა სახელმწიფოებთან აფხაზეთის შეთანხმებები სრულად უნდა შეესაბამებოდეს აფხაზეთის კონსტიტუციას და მის სუვერენიტეტს არ არღვევდეს.