ძალიან უცნაურად მოხდა თემის ესკალაცია, რადგან ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და დანელიას "აიფონი" გახდა სალაპარაკო თემა, - ასეთი კომენტარი გააკეთა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მის მიერ ბიუჯეტის თანხებიდან "აიფონის" შეძენასთან დაკავშირებით.
მინისტრის აზრით, მის მიერ ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი "აიფონ-6"-ის საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო გამოწვეული.
"მე მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან, სავარაუდოდ, სულ სხვა ინტერესები დგას, ვერ გეტყვით ვისი, მაგრამ თემა არის უსუსური და არ შეიძლება ამ თემაზე ყოფილიყო მიმართული მთელი კომუნიკაციის ვექტორი. ეს არის ნივთი, რომელსაც ყიდულობენ სამინისტროები. ყოველთვის ყიდულობდნენ, ყიდულობენ და ხვალაც იყიდიან ტელეფონს, კომპიუტერს, პრინტერს. ეს არის ჩვეულებრივი ინვენტარი, რომელიც აუცილებელია სამუშაოდ",-აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მინისტრის თქმით, მისი ტელეფონი დაზიანდა და აუცილებელია, ჰქონდეს წვდომა, როგორც ინტერნეტთან, ისე ელექტრონულ მიმოწერასთან.
"ჩვენ დროის 60-70 პროცენტს არ ვატარებთ ოფისში. შესაბამისად, გვჭირდება სწორი კომუნიკაცია. მე ლეპტოპიც მაქვს ნაყიდი. მაშინ ლეპტოპიც არ უნდა მეყიდა. უბრალოდ, რადგან ვნახე, რომ ამას მოჰყვა რეაქცია, გადავწყვიტე, რომ არ იყო ეს სალაპარაკო. მე შემიძლია ჩემი სახსრები გამოვყო იმისთვის, თუ ეს ვინმესთვის მორალურ პრობლემას წარმოადგენს. ვიმეორებ, მხოლოდ მორალურს, ვინაიდან აქ არანაირ იურიდიულ გადაცდომაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ეს არის ჩვეულებრივი უფლება. ჩვენ როგორც გვაქვს ვალდებულებები, ისე გვაქვს - უფლებები, შესაბამისად, ის, რაც აუცილებელია ჩვენი მუშაობისთვის, უნდა გვქონდეს, - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისივე თქმით, "აიფონ-6"-ის თანხა თავისი ხელფასიდან მეორე დღესვე დაფარა. თუმცა, ეს ამბავი მოგვიანებით გახმაურდა, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფებოდა.