ნიკოლაევოში 7 საარჩევნო უბანზე ნაღმებს ეძებენ

ნიკოლაევოში 7 საარჩევნო უბანზე ნაღმებს ეძებენ

უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევოში, ორი საარჩევნო ოლქის 7 უბანზე ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანონიმური შეტყობინებების შედეგად, ნაღმებს ეძებენ 128-ე ოქლის სამ უბანზე და 129 ოლქის 4 უბანზე. შვიდივე უბანზე მაშველები, მილიცია და კინოლოგთა ჯგუფები მუშაობენ.

"აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო პროცესი შეწყვეტილია. დაწესებულებებიდან ხალხის ევაკუცია განხორციელდა. შენობაში არავის უშევებენ",- ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ხარკოვში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სამ საარჩევნო უბანზე ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება განახორციელა.

უკრაინაში დღეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, წლევანდელი არჩევნებიც შერეული სისტემით ჩატარდება - დეპუტატების ერთ ნაწილს პარტიული სიით აირჩევენ, ნაწილს კი - მაჟორიტარული წესით. რიგარეშე არცევნებში 29 პარტია მონაწილეობს.

სოციოლოგების პროგნოზით, საპარლამენტო მარათონის უპირობო ლიდერია "პეტრო პოროშენკოს ბლოკი". წინასწარი პროგნოზით, რადაში მოხვედრის შანსი კიდევ 5 პარტიას აქვს - იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინა", ოლეგ ლეშკოს "რადიკალური პარტია", არსენი იაცენუკი "სახალხო ფრონტი", "ძლიერი უკრაინა" და "ოპოზიციური ბლოკი".

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება დონეცკის ოლქის ცხრა და ლუგანსკის ექვს ოლქში.

"დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონის თანახმად კი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში არჩევნები არ გაიმართება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის გამო ქვეყნის უმაღლეს რადაში ნაცვლად 225 მაჟორიტარისა, სავარაუდოდ, 198 დეპუტატი მოხვდება, შესაბამისად დღეს, საერთო ჯამში, 450-ის (225 პარტიული სიით) ნაცვლად, რადას 423 დეპუტატი უნდა აირჩიონ.უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 4,6 მილიონი ამომრჩეველი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.