უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, რადას არჩევნებისადმი ინტერესი ნაკლებია, თუმცა ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა, რომელიც შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანაშრომლობის ორგანიზაციის (PABSEC) სახელით უკრაინის რადას ვადამდელ არჩევებს აკვირდება.
"დილიდან საკმაო აქტიურობაა საარჩევნო უბნებთან. მე ახლა ვიმყოფები კიევის ერთ-ერთ უბანზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა მისცა ხმა და მასთან ხანმოკლე საუბარი მქონდა. მისი თქმით, ძალიან გაუხარდა, რომ საქართველოდან ბევრი წარმომადგენელია უკრაინაში ჩასული და პოზიტიურად უყურებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ძალიან ცუდია, რომ თითქმის 5 მილიონი ამომრჩეველი ვერ იყენებს თავის საარჩევნო ხმის უფლებას. საკმაოდ დაძაბულია სიტუაცია, თუმცაღა არჩევნები მშვიდად ტარდება. გუშინ რამდენიმე შეხვედრა მქონდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და არც ერთი მათგანისგან არ მომისმენია პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო პერიოდში იყო რაიმე გაყალბების მცდელობა", - აღნიშნა საგანელიძემ.
მისივე ვარაუდით, როგორც ჩანს, 6-7 პარტია შეძლებს გადახლახოს 5%-იანი ბარიერი, მაგრამ ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ვერც ერთი მათგანი უმრავლესობას ვერ დააგროვებს და საჭირო იქნება კოალიციის ჩამოყალიბება მინიმუმ 3 პოლიტიკური ძალისგან მაინც.
დავით საგანელიძე ხვალ, კიევის დროით 09:30 საათზე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს და არჩევნების მიმდინარეობას შეაჯამებს.
სუამ-ის მხრიდან კი უკრაინის არჩევნებს აკვირდებიან ნოდარ ებანოიძე და გიგი წერეთელი.