"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე იმსჯელეს.

"პოლიტსაბჭო მუშაობდა ჩვეულ რეჟიმში. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. მათ შორის ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე საკითხები, ასევე ვისაუბრეთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულ იქნა უსაფრთხოების საბჭოზე და მიზნად ისახავდა პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოზე ასევე იმსჯელეს იმასთან დაკავშირებით, რომ 27 ოქტომბერს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელი სრულდება და პრემიერ-მინისტრი სპეციალურ პრესკონფერენციაზე სწორედ ამ ორ წელიწადთან დაკავშირებით ისაუბრებს.

"ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე გაგვაცნო ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეხება ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა დღევანდელ სხდომაზე საუბარი უშიშროების საბჭოს დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მსგავს თემებზე დღეს არ უმსჯელიათ.