ე.წ. მატროსოვის ციხესთან, სადაც გიგი უგულავაა მოთავსებული, მისი მეგობრები შეიკრიბნენ. ე.წ.მატროსოვის ციხესთან "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გიგი უგულავას მერობის პერიოდში განახლებული თბილისის ხედების ფოტოგამოფენა სიმღერა "თბილისოს" ფონზე მოეწყო.
ცოტა ხნის წინ, გიგი უგულავას მიკროფონის მეშვეობით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ. მისი განაცხადებით, დღეს ე.წ.მატროსოვის ციხესთან უგულავას მეგობრების ვიწრო წრე შეიკრიბა, რათა ერთად მიულოცონ მას თბილისობის დღესასწაული.
"გიგი, შენ იყავი ყველაზე წარმატებული მერი. შენ გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უფრო განათებული, უფრო სუფთა და უფრო უსაფრთხო. შენ ახსოვხარ ყველას. მთელმა საქართველომ დაინახა შენი გაკეთებული საქმეები. შენ ხარ ქალაქის და ქვეყნის პატრიოტი. თავისუფლება გიგი უგულავას", - განაცხადა ბარამიძემ.
InterPressNews.Geე.წ. მატროსოვის ციხესთან იმყოფება ნიკა მელიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ გიგი უგულავასთვის უსამართლოდ წინასწარი პატიმრობა რომ არ შეეფარდებინათ, იგი დღევანდელ თბილისობას ქალაქის ქუჩებში გაატარებდა, ისევე, როგორც ყოველთვის.
"ჩვენ აქ მოვედით, რათა გავამხნევოთ გიგი. სადემონსტრაციდ მოვაწყვეთ პატარა გამოფენა თუ რა გაკეთდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. შეიძლება ვიღაცას არ მოწონდეს გიგი და ითხოვდეს მის დასჯას, თუმცა ფაქტი ჯიუტია, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა თბილისისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.
გიგი უგულავას მეუღლეს, ლელა კილაძეს კი იმედი აქვს, რომ დრო ყველაფერს სწორად შეაფასებს.
"ჩვენ შეკრებას მატროსოვის ციხესთან სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამას ორგანიზება გიგის მეგობრებმა გაუწიეს. მიხარია, რომ გიგის სახელს უკავშირდება ის, რაც გაკეთდა თბილისში. გიგი ფიქრობდა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. იმედია, დრო ყველაფერს სწორად შეაფასებს", - განაცხადა ლელა კილაძემ.
ე.წ.მატროსოვის ციხესთან იმყოფება სევდია უგრეხელიძეც. მისი თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ უგულავა მალე დატოვებს საპყრობილეს და გააგრძელებს იმ საქმის კეთებას, რომელიც დედაქალაქს სჭირდება.
რაც შეეხება ე.წ.მატროსოვის ციხესთან გამოფენილ ფოტოებს, თბილისის ხედებზე გაკეთებულია წარწერა: "ეს გიგის გაკეთებულია".