"არნახული თავხედობაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ანექსიის თემაზე აქციას მართავს"

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის გია კობახიძის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქმე საქართველოს ტერიტორიების მიტაცებამდე მიიყვანა.

„წარმოუდგენელი თავხედობაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს საპროტესტო აქციას იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიების ანექსია არ უნდა ხდებოდეს. ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ჩვენი ტერიტორიების არა მარტო მიტაცემა, არამედ ზოგიერთი სახელმწიფოს  მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება მომხდარიყო. მე დიდი ხანია, „ნაციონალებს“ არაფერზე პასუხისმგებლობას აღარ ვთხოვ,  პასუხისმგებლობა ახლა, „ქართულ ოცნებაზეა“ გადასული, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს არ იძიებს. ამის გამოძიება მოგვცემს იმ შედეგს, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის და მისი ბანდის მიერ ჩადენილი ღალატი სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა გია კობახიძემ.

"ნაციონალური მოძრაობა" "რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის" გასაპროტესტებლად 15 ნოემბერს აქციას გამართავს. პარტიებს ლიდერებმა კონსულტაციებისა და დაგეგმილ ღონისძიებაში ჩართვისკენ მოუწოდეს.