ჩვენს მთავრობას ვუსურვებ ისეთ საქმიანობას, რომ თბილისელებს ყოველი დღე უხაროდეთ

ჩვენს მთავრობას ვუსურვებ ისეთ საქმიანობას, რომ თბილისელებს ყოველი დღე უხაროდეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის , ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი გახსნეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.

გახსნის ცერემონიალზე დავით უსუფაშვილმა დედაქალაქის მცხოვრებლებს "თბილისობის" დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

"ჩვენს მთავრობას ვუსურვებ ისეთ საქმიანობას, რომ თბილისელებს ყოველი დღე უხაროდეთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"მოხარულები ვართ, რომ სკვერი, რომელიც ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს სწორედ პარლამენტთან ასეთ ახლო ტერიტორიაზე იხსნება და ამით სამარადჟამოდ უკვდავყოფილი იქნება ოლივერ და მარგარეტ უორდროპების საქართველოში მოღვაწეობა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით ნარმანიას განცხადებით კი, ზუსტად ერთი წლის შემდეგ აღნიშნულ ადგილას იქნება ოლივერ უორდროპის ძეგლი.

"მე, როგორც დედაქალაქის მერი ვდებ პირობას, რომ მომდევნო წლის "თბილისობაზე" ეს სკვერი იქნება გაცილებით მოწესრიგებული და აღნიშნულ ადგილას იქნება ოლივერ უორდროპის სახელობის ძეგლი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.