რაც პუტინმა უკრაინაში გააკეთა, დიდი პოლიტიკური შეცდომაა

რაც პუტინმა უკრაინაში გააკეთა, დიდი პოლიტიკური შეცდომაა

ის, რაც პუტინმა უკრაინაში გააკეთა, დიდი პოლიტიკური შეცდომაა, - ამის შესახებ რუსი ბიზნესმენი მიხაილ ხადარკოვსკი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე განმარტებით, მართებულად მიაჩნია, რომ არჩევანი მეზობელთან მეგობრობის სასარგებლოდ გაკეთდეს.

"მე მივიჩნევდი და მივიჩნევ, - და ეს ჩემი პოზიცია უცვლელია, - რომ ის, რაც პუტინმა უკრაინაში გააკეთა, დიდი პოლიტიკური შეცდომაა. უდავოდ, ყირიმის საკითხი მარტივი არ არის. რუსული საზოგადოებისთვის ყირიმს ერთგვარი საკრალური მნიშვნელობა აქვს. ამაზე მე ვსაუბრობდი და ვსაუბრობდი, მათ შორის, უკრაინელ კოლეგებთანაც. სხვა საკითხია, როცა არჩევანი ტერიტორიებსა და 45-მილიონიან ძმურ ხალხს შორის კეთდება. მე, რა თქმა უნდა, მართებულად მიმაჩნდა არჩევანი მეზობელთან მეგობრობის სასარგებლოდ, იმიტომ რომ რუსეთს არც ისე ბევრი აშკარა მოკავშირე ჰყავს. არც ისე ბევრნი არიან ის ადამიანები, ის ხალხები, ვისთანაც ჩვენ საერთო ისტორიული ფესვები გვაქვს. და უკრაინელი ხალხი ამ ხალხებიდან ყველაზე დიდია. ახლა ჩვენ ვიჩხუბეთ, ათწლეულებით ვიჩხუბეთ, ვიჩხუბეთ საზღვრის გამო, მაშინ როდესაც საზღვარს, როგორც ჩვენ ვხვდებით, გაერთიანების პროცესში მყოფ ევროპასა და გლობალიზაციის გზაზე მდგარ მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მე, საერთოდ, ევროპაში საზღვრების წინააღმდეგი ვარ. მივიჩნევ, რომ ადამიანები სავსებით წყნარად, თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ. დღეს ის ქვეყანა მოიგებს, რომელიც ხალხს გადაადგილების ფართო საშუალებებს აძლევს იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ამას სხვადასხვა პირობებითა და შეზღუდვებით აკეთებენ", - აცხადებს ხადარკოვსკი.

ბიზნესმენის შეფასებით, რაც არ უნდა ქნას ახლანდელმა რეჟიმმა, რუსეთი არსებობას განაგრძობს.

"რუსეთს ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა ქნას ახლანდელმა რეჟიმმა, რუსეთი არსებობას განაგრძობს. ჩვენს ისტორიაში უფრო უსიამოვნო რეჟიმებიც ყოფილა, მაგრამ როგორღაც მათ გავუძელით. ამასაც გავუძლებთ", - აღნიშნავს ის.