„ოდა ოლიმპიურ ჩემპიონებს“ – საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სახელოვანი ქართველი ოლიმპიელებისადმი მიძღვნილი მონუმენტურ-სკულპტურული ექსპოზიცია გაიხსნა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახსა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტ პატრიკ ჰიკთან ერთად დაესწრო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სახელოვან სპორტსმენებს, რომლებმაც მრავალჯერ ასახელეს სამშობლო და ქართველ გულშემატკივარს არაერთი სიხარული მოუტანეს.
„ქართველებს ნამდვილად გვაქვს ის, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ - 1952 წლიდან მოყოლებული დღემდე, 34 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს, რომლებმაც 37 ოლიმპიური ოქროს, 28 - ვერცხლისა და 53 ბრინჯაოს მედალი მოგვიტანეს. ასეთი შედეგები ჩვენზე უფრო დიდ და მრავალრიცხოვან ბევრ ქვეყანას არ აქვს. მადლობა ჩვენი სპორტსმენების ყველა თაობას ამისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ დღეს ჩვენი ოლიმპიელები დამოუკიდებელი საქართველოს დროშით გამოდიან და ოლიმპიურ ქალაქებში საქართველოს ჰიმნი ჟღერს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ექსპოზიციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებები უსურვა ქართველ სპორტსმენებს და განაცხადა, რომ მთავრობა ყოველთვის მათ გვერდით იდგება.