ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების პროექტზე მოლაპარაკებები გაგრძელდება

ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების პროექტზე მოლაპარაკებები გაგრძელდება

ჟენევის თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შეაფასეს, როგორც მშვიდი და სტაბილური. ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების გავრცელებულ პრესკომუნიკეშია ნათქვამი.

კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ მონაწილეებმა შეხედულებები გაცვალეს ძალის გამოუყენებლობის, საერთაშორისო უსაფრთხოების შეთანხმებისა და თანამშრომლობის საკითხზე.

"მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე გაგრძელდება მუშაობა ერთობლივი განცხადების პროექტზე ძალის გამოუყენებლობის თაობაზე", - ნათქვამია პრესკომუნიკეში.

როგორც კომუნიკეშია აღნიშნული, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები მიესალმნენ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიერ გაწეულ კონსტრუქციულ საქმუშაოს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს გალის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების" ადრეული აღდგენისკენ.

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმა ასევე განიხილეს გადაადგილების თავისუფლების, გაუჩინარებული ადამიანების, კულტურული მემკვიდრეობისა და წყლის ხელმისაწვდომობის საკითხები.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2014 წლის 9-10 დეკემბერს გაიმართება.