საქართველოში პოლიტიკური გარემო ძალიან პოლარიზებულია, რაც არ არის კარგი დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში მეცნიერი ფრენსის ფუკუიამა აცხადებს.
მისი განმარტებით, კარგი დემოკრატია შეჯიბრებითობის პრინციპს, ნდობის მაღალ მაჩვენებელს მოითხოვს.
"საქართველოში ჩატარებული საჯარო სექტორის რეფორმა ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მთავრობამ ეს უნდა შეინარჩუნოს და გააძლიეროს. დემოკრატია თავის თავში გულისხმობს კანონის უზენაესობას, სადაც სასამართლო სისტემა მიუკერძოებელია, ეს კონსოლიდაციას მოითხოვს. საქართველოში პოლიტიკური გარემო ძალიან პოლარიზებულია, რაც არ არის კარგი დემოკრატიისთვის. კარგი დემოკრატია შეჯიბრებითობის პრინციპს მოითხოვს, ასევე მოითხოვს ნდობის მაღალ მაჩვენებელს. ვფიქრობ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ამაზე უნდა იმუშაონ", - აცხადებს ფრენსის ფუკუიამა.
იაპონელი მეცნიერის შეფასებით, საქართველოს სუსტი მხარე კანონის უზენაესობაა.
"საქართველოს აქვს დემოკრატია, ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნები ამას კარგად ცხადყოფს. საქართველომ ასევე გააუმჯობესა კორუფციის მაჩვენებელი, რაც კარგი გაკვეთილია უკრაინისთვის. ნარინჯისფერი მთავრობისთვის კორუფცია დიდი პრობლემა იყო. რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ვფიქრობ ეს სუსტი მხარეა. საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლოს დიდი ისტორია არ აქვს", - აღნიშნავს იაპონელი მეცნიერი.
გარდა ამისა, ინტერვიუში ფრენსის ფუკუიამა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ალიანსის წევრობა პრობლემური საკითხია.
"ევროკავშირი კარგი გრძელვადიანი გეგმაა, ნატო-ს წევრობა პრობლემური საკითხია, რადგან რთული იქნება მეხუთე მუხლის ამოქმედება, თუმცა ამის გარეშეც შეიძლება თანამშრომლობა, მაგალითად, სამხედრო თანამშრომლობა, ტრენინგები და ასე შემდეგ... არსებობს პრაქტიკული პრობლემა, როგორიცაა გეოგრაფიული სიშორე და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური სირთულეები, რაც ართულებს ნატოს მიერ საქართველოს დაცვას, მით უფრო, რომ რუსეთის ჯარები თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში არიან. იმედი მაქვს, სამომავლოდ რუსეთის შესაკავებლად სამხედრო და პოლიტიკური დახმარების კომბინაცია ეფექტიანი იქნება", - განმარტავს ფუკუიამა.
რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, მეცნიერის შეფასებით, დასავლეთმა მოსკოვის საპასუხოდ მეტი უნდა გააკეთოს.
"ვფიქრობ, დასავლეთმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ჩემი აზრით, უკრაინას ბევრად მეტი სამხედრო დახმარება უნდა მივაწოდოთ. გაბედული მმართველობის ქვეშ დასავლეთს მეტის გაკეთება შეუძლია. ვისურვებდი, პრეზიდენტი ობამა დათანხმებულიყო და უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარება გამოეყო, იმიტომ რომ უკრაინას ეს ძალიან სჭირდება. ვფიქრობ, პრეზიდენტი იმაში მართალია, რომ უკრაინას ვერ დავეხმარებით სამხედრო გზებით, მაგალითად, დონბასის დაბრუნებაში, მაგრამ პუტინს სამხედრო სფერო უკეთ ესმის, ვიდრე ეკონომიკური სანქციები... ასეთ დროს უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინის საერთაშორისო კავშირები, რითაც რუსეთის უკან დახევას უნდა შეეცადონ", - აცხადებს ფრენსის ფუკუიამა.