სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოსთან წუხელ ხმაური იყო, სადაც 19 წლის პატიმრის გიორგი ადეიშვილის ახლობლები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ გიორგი ადეიშვილი ნაცემი იყო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
პატიმრის ახლობლები სამტრედიის პოლიციის უფროსსა და თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცავები გიორგი ადეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მას შემდეგ რაც ოჯახის წევრებმა შეიტყვეს, რომ პატიმარი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ისინი პოლიციის შენობასთან გადავიდნენ და შენობაში ადვოკატის შეყვანა მოითხოვეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი ადეიშვილი პრობაციონერი იყო, პოლიცია მას ერთ-ერთ ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდა და ამის გამო დააკავეს.