ჟენევის მოლაპარაკებების დროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ არანაირი რუსული პროექტი არ განხილულა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა.
"შეხვედრებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა წამოწია ეს საკითხი, თუმცა მყისიერად მას ჩვენი მხრიდან განემარტა, რომ ამაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ეს არის ჟენევა და ჟენევა ამ საკითხის განხილვას არ ითვალისწინებს. არანაირი რუსული პოექტი იქ არ განხილულა. ჩვენ გვქონდა მსჯელობა თანათავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე და არა რუსეთის ფედერაციის, როგორც ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს. ეს რომ ასეა, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ იმ განცხადებაში, რომელიც უშუალოდ სამიტის თანათავმჯდომარემ გააკეთა. რაუნდი შენარჩუნდა, ფორმატი შენარჩუნდა და ყველა საკითხი, რომელიც უმთავრესია ჟენევისთვის, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემეტნაცია, ძალის არგამოყენება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება იყო სრულად განხილული", - განაცხადა ზალკალიანმა.
გუშინ რუსულმა მხარემ გავრცელა ინფორმაცია, რომ ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ რუსულ ვარიანტზე იმსჯელეს. ამის მიზეზად კი ნატო-ს საწვრთნელი ბაზები დასახელდა, რომლის მშენებლობაც საქართველოში იგეგმება.