თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა, დღევანდელი სხდომა რეპლიკის ეტაპით გაგრძელდება, რის შემდეგაც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების დრო უნდა განსაზღვროს.
პროკურორის თქმით, თეორიულად დასაშვებია, რომ განაჩენი დღესვე დადგეს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს დრო 23 ოქტომბრამდე გააჩნია.
გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც განხილვები სრულდება, ამ ეტაპისთვის ბრალდებულია სამი პირი: ვანო მერაბიშვილი, ვალერიან მეტრეველი და გერონტი ალანია. ამავე საქმეზე ბრალდებულია დათა ახალაია, თუმცა მისი საქმე საბერძნეთის სასამართლოში ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად გამოიყო. საქმეზე ასევე ბრალდებული იყო ოლეგ მელნიკოვი, რომელსაც აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
დღევანდელი პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.