რუსეთი

რუსეთი "მისტრალის" გადაცემას, ან თანხის დაბრუნებას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს მოუწოდებს, რომ დროა, ჩამოყალიბდეს "მისტრალის" საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება.

"მისტრალთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მხრიდან ბევრი ითქვა, მაგრამ არსებობს კონტრაქტი, რომლის შესრულებაც აუცილებელია. ამ დოკუმენტის მიხედვით, გარკვეული თანხებია გადარიცხული. თუკი საფრანგეთს ახალი ვარიანტები გაუჩნდა, არ არის საჭირო მეგაფონური დიპლომატია და ფრანგული მხარე, დროა, ჩამოყალიბდეს. თუ არა და, თანხა უკან დააბრუნოს", - განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

3 ოქტომბერს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შეკვეთილი ვერტმფრენმზიდი შემკვეთს დადგენილ ვადებში - ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში გადაეცემა, მაგრამ ამისთვის უკრაინაში უნდა შეწყდეს დაპირისპირება და დაიწყოს პოლიტიკური პროცესები.

რუსეთისთვის "მისტრალის" აშენება კონტრაქტით 1,12 მილიარდი ევრო ჯდება.