2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 291.0 მლნ ლარია გამოყოფილი

2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 291.0 მლნ ლარია გამოყოფილი

2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 291.0 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წლის გეგმაზე 27.5 მლნ ლარით მეტია.

აღნიშნული განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარებისთვის 100.0 მლნ ლარი; შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის 36.0 მლნ ლარი, ხოლო მცირემეწარმიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისთვის 50.0 მლნ ლარი.

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისთვის განისაზღვრა 230. 2 მლნ ლარი, რაც გასულ წელთან შედარებით 12.9 მლნ ლარით იზრდება. აქედან, ახალი ქვეპროგრამისთვის - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებულებების დაფარვისთვის დაგეგმილია 21. მლნ ლარის გამოყოფა; სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის პროგრამის დაფინანსება იზრდება 1 მლნ 238 ათასი ლარით და შეადგენს 26 მლნ, 420 ათას ლარს; სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების პროგრამების განხორციელება იზრდება 7 მლნ ლარით.

კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ განმარტებები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმაც გააკეთა.