სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობის ახალ სტანდარტზე გადადის

სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობის ახალ სტანდარტზე გადადის

სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობის ახალ სტანდარტზე გადადის სურსათის ეროვნულ სააგენტოს დღეიდან თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისი ექნება

ახალი შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა.

პრემიერი ახალ ოფისში სამუშაო პროცესს გაეცნო და სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრა.

მთავრობის მეთაურს სააგენტოში განუმარტეს, რომ ახალი ხელისუფლების მიდგომის ცვლილების შედეგად სურსათის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო დაფინანსება გაეზარდა. ამასთან, მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტივობები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მონაცემებს - გაზრდილია საწარმოების ინსპექტირებების რაოდენობა, დიდი ყურადღება ეთმობა სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლს;

"ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოსახლეობაზე, ხორციელდება სურსათის უვნებლობის კონტროლი. ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ მოსახლეობაზე. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებს. წლების განმავლობაში ეს სამსახური სრულიად უფუნქციოდ იყო დატოვებული. ყოფილი ხელისუფლების მიდგომა იყო, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებდა, რაც გამორიცხულია", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს ყველა პირობა, რომ სურსათის უვნებლობა დაცული იყოს. პრემიერის შეფასებით, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად სურსათის ეროვნული სააგენტოს 13 ახალი რეგიონული ოფისის გახსნა იგეგმება. სააგენტოში 500-მდე ადამიანია დასაქმებული.