ლაშა შაყულაშვილმა ახალგაზრდობის სახელით მსოფლიო ლიდერებს გაეროს ტრიბუნიდან მიმართა

ლაშა შაყულაშვილმა ახალგაზრდობის სახელით მსოფლიო ლიდერებს გაეროს ტრიბუნიდან მიმართა

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში ლაშა შაყულაშვილმა საქართველოს ახალგაზრდობის სახელით მსოფლიო ლიდერებს გაეროს ტრიბუნიდან მიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლაშა შაყულაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვის არის აქტუალური და პრობლემატური. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდობის წარმომადგენლმა გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე გამგზავრებამდე არაერთი შეხვედრა გამართა, სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან და სწორედ მათი სახელით მიმართა მსოფლიო ლიდერებს.

"ახალგაზრდებთან შეხვედრების განმავლობაში ასევე საუბარი შეეხო მათ სურვილს, ჰქონდეთ მეტი ხელმისაწვდომობა არაფორმალურ განათლებაზე და გაიზარდოს ახალგაზრდული ცენტრების რაოდენობა რეგიონებში, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს განათლების პრაქტიკაში განხორციელებას და დასაქმების გაზრდას. ამასთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მომავალ წელს ააშენებს 10 არაფორმალური განათლების რეგიონალურ ცენტრს. სამინისტროს მიერ ბოლო დროს განხორციელებული, კიდევ ერთი ინიციატივა - "ახალგაზრდა ელჩის" პროექტი - საშუალებას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს გახდნენ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩები და განახორციელონ პროგრამები, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართულობას და გაზრდის ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა შაყულაშვილმა.

ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს შეხვდა.

ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.

2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 20 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.