თურქეთი

თურქეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს.

ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთ-სირიის საზღვართან არასაფრენი ზონის შექმნის მოწოდებით გამოვიდა.

"არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ თურქეთი თავად აწარმოებს სახმელეთო ოპერაციას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვმართავთ და როგორც კი საერთო გადაწყვეტილებას მივაღწევთ, თურქეთი უკან არ დაიხევს", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი პატივს სცემს თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისად, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სირიასა და ერაყში სამხედრო ოპერაციებში.

სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ობსერვატორიის ინფორმაციით, გუშინ კობანში "ისლამური სახელმწიფოს" 42 მებრძოლი მოკლეს.

სამკვირიანი ბრძოლების შემდეგ "ისლამურმა სახელმწიფომ" თურქეთ-სირიის საზღვრისპირა ქალაქ კობანის რამდენიმე რაიონი ორშაბათს დაიკავა და ქალაქში შავი დროშები გამოფინა. გუშინდელი ავიაშეტევების შედეგად "ბოევიკებმა" რამდენიმე საათით უკან დაიხიეს, თუმცა გვიან ღამით კვლავ მიიტანეს შეტევა კობანზე.

სამკვირიან შეტაკებებს კობანში სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქი საერთო ჯამში, 160 ათასმა ადამიანმა დატოვა და თურქეთში გადავიდა.

კობანის "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თურქეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სტამბოლსა და ანკარაში. აქციის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს თურქეთში ბოლო მონაცემებით, 19 ადამიანი ემსხვერპლა