საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობა მთელი რეგიონის სტაბილურობის დაცვის მიზანს ემსახურება

საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობა მთელი რეგიონის სტაბილურობის დაცვის მიზანს ემსახურება

საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობა როგორც საქართველოს, ასევე მთელი რეგიონის სტაბილურობის დაცვის მიზანს ემსახურება , - ასე პასუხობს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას.

"პირადად ჩვენთვის რუსეთის მხრიდან საკითხის ამ ფორმით დაყენება მოულოდნელი არ ყოფილა. არაერთხელ განვაცხადეთ და დღესაც ვიმეორებთ, რომ ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, მიმართულია რეგიონის სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, მთლიანად რეგიონის და არა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობისაკენ. შესაბამისად, ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს არც რუსეთისთვის და არც რეგიონისთვის", - აცხადებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.

"რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ქართული მედიის მიერ გამოთქმულ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას შეეხება. ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება ამიერკავკასიის ტერიტორიაზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს ინფორმაციაში.