შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს.
"მესმის, რომ ზოგიერთებს არ ესიამოვნათ ასეთი დონის საერთაშორისო ნარკოტრანზიტის საქმე რომ გახსნა სამინისტრომ, მაგრამ ასეთი ტყუილების ტირაჟირება ცოტა არ იყოს უხერხულია. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ საქმეში ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს და ბევრი სხვა მტკიცებულებებიც, ჩვენი თხოვნაა, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავეთ", - აცხადებს გიორგობიანი.
ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. თხევადი ჰეროინის საქმეზე მძღოლი პიარმიზნებისთვის ჰყავდათ დაკავებული.
"ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ ე.წ. თხევადი ჰეროინის საქმესთან დაკავშირებით გაათავისუფლეს უდანაშაულო მძღოლი, რომელიც 4 თვის განმავლობაში მთავრობას თავისი პიარმიზნებისთვის ჰყავდა დაჭერილი. ჩვენ ამ ადამიანის გათავისუფლებას მივესალმებით, თუმცა დღემდე არ გაეცა კითხვებზე პასუხი, რა დანაშაული იყო ეს – ნამდვილად ნარკოდანაშაული იყო, თუ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო საღებავთან გვქონდა საქმე. ამაზე არც ექსპერტიზის დასკვნები არსებობს და საზოგადოების დიდი ნაწილი ამ დანაშაულთან მიმართებაში კითხვის ნიშნებს სვავს, რომელზეც პასუხი გაცემული არ არის", - განაცხადა ბეჟაშვილმა.