დაზარალებულმა მოქალაქეებმა „ცენტრ-პოინტს“ და „დექსუსს“ 5 მოთხოვნა წაუყენეს

დაზარალებულმა მოქალაქეებმა „ცენტრ-პოინტს“ და „დექსუსს“ 5 მოთხოვნა წაუყენეს

„ადვოკატთა ალიანსის" იურისტებმა ანი ჯანაშიამ, ნინო გაფრინდაშვილმა და მარინა კორძაძემ დღეს „რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე „ცენტრ-პოინტისა" და „დექსუსის" მიერ დაზარალებული მოქალაქეების ხუთი მოთხოვნა გააცნეს ჟურნალისტებს.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსი" პროექტ „შენი იურისტის" ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტისა" და „დექსუსის" მიერ დაზარალებულების უფლებებს იცავს, რომლებიც  7-10 წლის განმავლობაში უშედეგოდ ელოდებიან მათ მიერ გადახდილი თანხების სანაცვლოდ საცხოვრებელი თუ კომერციული ფართების მიღებას.

2012 წელს პროკურატურამ რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილისა და ივანე ცაგურიას ბრალდების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა. მათ ბრალი თაღლითობასა და მითვისებაში ედებათ (სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტები, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტები). აღნიშნული კომპანიისა და პირების ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ათასობით ოჯახს და ათიათასობით ადამიანს.

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ერთი მხრივ უკვე გამოძიებულ, ზემოხსენებულ საქმეზე სასამართლო განხილვა ჭიანურდება, მეორე მხრივ, დღემდე გრძელდება გამოძიება დარჩენილ სხვა ეპიზოდებზე. დაზარალებულები და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსი" კატეგორიულად მოითხოვენ მართლმსაჯულების სწრაფ აღსრულებას, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება დაზარალებულებისთვის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ზიანის ანაზღაურების ერთადერთი საშუალებაა.

2014 წლის 9 ოქტომბერს, 13 სთ-ზე, „ცენტრ-პოინტისა" და „დექსუსის" მიერ დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მათ მოთხოვნები  ხუთ პუნქტად ჩამოაყალიბეს.

1. გავრცელდეს რეალური ინფორმაცია მშენებლობების მდგომარეობის შესახებ -  რომ ისევ დაზარალებულთა მხრიდან დამატებული თანხების ხარჯზე და არა „ცენტრ-პოინტის" და „დექსუსის" მხრიდან ფინანსური რესურსის ხარჯზე მიმდინარეობს მშენებლობა ზოგიერთ ობიექტზე. ამასთან,  „ცენტრ პოინტის" მესვეურები განაგრძობენ დაზარალებულთა მოტყუებას.  დაზარალებულთა მხრიდან  თანხები ირიცხება „ცენტრ-პოინტის" ანგარიშებზე, ხოლო სამშენებლო ობიექტებზე არსებული დავალიანება არ იფარება,  დაზარალებულებს სთავაზობენ ფართებს, რომლებიც  რამდენიმე რიგის იპოთეკითაა დატვირთული და ადევს ყადაღა.

 

2. ვიწვევთ „ცენტრ-პოინტის" ხელმძღვანელობას და მოვითხოვთ, გაასაჯაროონ (რა თქმა უნდა,  თუ  გააჩნიათ) პრობლემების დაძლევის სამუშაო პროგრამა.

 

3. მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს თბილისის პროკურატურაში დღეის მდგომარეობით  არსებული გამოძიების მასალები, რომლებიც შეეხება  „ცენტრ-პოინტის" და „დექსუსის" მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეს.

 

4.  გარდა არსებული ბრალდებულებისა, პასუხისგებაში მიეცნენ  სხვა დამნაშავე პირები უკვე არსებული  ეპიზოდების მიხედვით გამოკვეთილ დანაშაულებზე.

 

5. მოვითხოვთ პროკურატურის მიერ უმოკლეს ვადაში გამოძიების  დასრულებას და სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყების დაჩქარებას - ერთ წელზე მეტია, დაზარალებულები ელოდებიან ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვის დაწყებას".