საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება არავისთვის საფრთხის შემცველი არ არის, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებით საფრთხის შექმნის შესახებ.

"საქართველოს ჯარის, საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება, გაძლიერება, თუნდაც წვრთნები, არავითარი საფრთხის შემცველი არ არის და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, საქართველო აქეთ იცავს თავს საფრთხისაგან. საქართველო არავისზე თავდასხმას და არავისზე სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს, თუნდაც იმ პრობლემის მოსაგვარებლად რომელიც ქვეყანას გააჩნია", - განაცხადა ვოლკსიმ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.

"რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ქართული მედიის მიერ გამოთქმულ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას შეეხება. ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება ამიერკავკასიის ტერიტორიაზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს ინფორმაციაში.