თბილისის მერიაში არავინ არავის პოლიტიკური ნიშნით არ ერჩის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელი განცხადების საპასუხოდ თბილისის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უმჯობესია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ.
"არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ თავის საქმეს. მათ შორის საზოგადოების ინფორმირებულობას ახდნენ, მაგრამ მათ ვურჩევდი ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ. თბილისის მერიაში არავინ არავის პოლიტიკური ნიშნით არ ერჩის. მერიაში მხოლოდ კვალიფიკაციის და კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიხედვით ვტოვებთ ან ვათავისუფლებთ თანამშრომლებს. ასევე ვიქცევით ახალი თანამშრომლების აყვანის დროსაც და მომავალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას", - აღნიშნა მარგიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერიის თანამშრომლების სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მერიაში დასაქმებული პირები მათთან საუბარში აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოდან სისტემატიურად ხორციელდება ზეწოლა პირადი განცხადებების საფუძველზე თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. მათი ინფორმაციით, მსგავს უკანონო ქმედებებში სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე, ასევე მათთვის უცნობი პირი (მათივე ვარაუდით პოლიციის თანამშრომელი) მონაწილეობდა.