ბაქო-თბილისის ავტობუსის ავარიას 10 წლის ბავშვიც ემსხვერპლა

ბაქო-თბილისის ავტობუსის ავარიას 10 წლის ბავშვიც ემსხვერპლა

ბაქოში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" განჯაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა მამუკა ბალავაძემ განუცადა , დაღუპული 10 წლამდე ბავშვია.

"ავარია წუხელ, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა. ავტობუსი საქართველოს სანომრე ნიშნებით, ბაქოდან მარნეულში მოემართებოდა – საქართველოს მოქალაქეა თავად მძღოლიც. ის "კამაზის" ტიპის სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა, რაც, წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლის ბრალეულობას უკავშირდება. სავარაუდოდ, მას ჩაეძინა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სწორედ მის წინააღმდეგაა აღძრული. დაღუპულია 3 ადამიანი, რომელთაგან ორი აზერბაიჯანის, ერთი კი, საქართველოს მოქალაქეა. გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია. ის 9-10 წლის ბავშვია", - განაცხადა მამუკა ბალავაძემ.

მისი ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულები ბაქოს მე-3 კლინიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. 

"დაჯახების შედეგად ავტობუსი აალდა, რის გამოც მგზავრებს დოკუმენტაცია და სხვა სახის ნივთები მთლიანად გაუნადგურდათ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ოპერატიულად დავუმზადოთ მათ უკან დასაბრუნებელი საბუთები. ამ დროისთვის ბაქოს მე-3 კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი 5 ადამიანი და ყველა საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის იმყოფება ავტობუსის მძღოლი, რომელიც კიდევ ერთი პირთან ერთად რეანიმაციაშია მოთავსებული, თუმცა ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავდნენ დანარჩენი მგზავრებიც, თუმცა მათ პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწიათ", - აღნიშნა გენერალურმა კონსულმა.

მამუკა ბალავაძის განმარტებით, ადგილზე ვიცე-კონსული იმყოფება.

"საკონსულო ყველაფერს აკეთებს მგზავრთა დასახმარებლად", - დასძინა მან.