მამუკა ბალავაძის განცხადებით, აზერბაიჯანში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ბალავაძემ "პირWელს" განუცხადა, უკვე დადასტურებულია, რომ დაღუპულ სამ ადამიანს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.
„მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა 9 ოქტომბერს, დაახლოებით, 03:00 საათზე მოხდა. ბაქოდან მარნეულისკენ ქართული სანომრე ნიშნებით მიმავალი ავტობუსი "კამაზის" ტიპის სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა. შედეგად, მოხდა აალება და ავტობუსი ფაქტიურად, მთლიანად დაიწვა. გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქეა. დაშავებული იყო 15-მდე ადამიანი, ნაწილს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, ხოლო 5 ადამიანი, რომელიც შედარებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, განჯის კლინიაკში გადაიყვანეს. მათგან ორი ადამიანი მძღოლის ჩათვლით, რეანიმაციაში გადის მკურნალობას. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სამ ადამიანს კი სხვადასხვა დაზიანებები აქვს მიღებული. გენერალური საკონსულო ინფორმაციის მიღებისთანავე ჩაერთო საქმის კვლევაში, ჩვენი ვიცე-კონსული ახლაც საავადმყოფოში იმყოფება. მოქალაქეების უმრავლესობას საბუთები განადგურებული აქვს. ამ ეტაპზე, გენერალური საკონსულო მოწმობებს ამზადებს, რათა მათ საქართველოში დაბრუნება შეუფერხებლად შეძლონ. საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლის მიმართ ბრალეულობა გამოიკვეთა და მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე - აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს ავსტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც მოჰყვა 2 ან 2-ზე მეტი ადამიანის მსხვერპლი“,-განაცხადა მამუკა ბალავაძემ.