გმადლობთ შენ, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რომ ქართველი ხალხი თავის სულიერ ტაძარს აშენებს

გმადლობთ შენ, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რომ ქართველი ხალხი თავის სულიერ ტაძარს აშენებს

ქართველი ხალხი თავის სულიერ და მატერიალურ ტაძარს აშენებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მახათას მთაზე , ივერიის ყოვლადწმინდა ღვთიმშობლის სახელობის ტაძარში, პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.

ტაძარში ამ წუთებში პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.

პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და უფალს მადლობა გადაუხადა, რომ მრავალი გაჭირვების მიუხედავად მრევლი ტაძარს აშენებს.

"ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. უპირველეს ყოვლისა ადამიანმა უნდა ააშენოს თავისი სულიერი ტაძარი გულში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ერი მიდის წინ და ამის მაგალითია ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი. ეს ტაძარი შენდება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა ქადაგებისას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორიაც გაიხსენა, თუ როგორ მივიდა ზღვით ათონის მთაზე ხატი, რომელსაც ნათლის სვეტი ადგა. პატრიარქმა გაიხსენა წმინდა ქართველი ბერები, რომლებიც ათონის მთაზე მოღვაწეობდნენ და დაკავშირებული არიან აღნიშნულ ხატთან, კერძოდ წმინდა ბერი გაბრიელი, რომელმაც ზღვაზე ისე გაიარა ფეხით, როგორც ხმელეთზე და ხატი ნაპირზე გამოაბრძანა. უწმინდესმა მრევლს შეახსენა, რომ ზღვიდან გამობრძანების შემდეგ მეორე დღეს ხატი მონასტრის კარიბჭეზე დაკიდებული იპოვეს, ამიტომ ამ ხატს კარიბჭისა ეწოდება. პატრიარქმა ქადაგებისას მიმართა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს "ღირსი გაგვხადოს სასუფევლის".

"მადლობა ყოვალდწმინდაო ღვთისმშობელო, შენი დიდი მფარველობისთვის, შენი დიდი წყალობისთვის. მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა, ღირსი გაგვხადე ჩვენ სასუფევლისა. გმადლობთ შენ ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რომ ქართველი ხალხი აშენებს თავის სულიერ ტაძარს და მასთან ერთად მატერიალურ ტაძარს", - ბრძანა უწმინდესმა.