დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფოთელი დევნილების აქციები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ფინანსდება.
მანანა მიქაიამ, ლალი ბასილაიამ და დარეჯან ცქვიტარიამ ფოთიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს, ისინი ფოთში 280 დევნილი ოჯახისათვის ბინების „არაკანონიერად“ განაწილებას აპროტესტებენ.
მანანა მიქაიმ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუემების შესაბამისად 0 ქულა მიიღო. ლალი ბასილაია დევნილის მეუღლეა თავად არადევნილი, მათ ოჯახს 1 ქულა აქვს. აღნიშნული ქულები ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართის მისაღებად საკმარისი არ არის.
მსვლელობის მესამე მონაწილე და ორგანიზატორი დარეჯან ცქვიტარია დევნილი არ არის, ის ფოთის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროცესი მართულია და დაფინანსებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.
სამინისტროს წარმომადგენელები დევნილ ქალბატონებთან შესახვედრად და მათი პრეტენზიების მოსასმენად ფოთში ორჯერ ჩავიდნენ. მინისტრის მოადგილეები დევნილებს სამინისტროშიც არა ერთხელ შეხვდნენ და მათ ყველა შეკითხვას დეტალურად უპასუხეს.
მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი მანანა მიქაიას, ლალი ბასილაიას და დარეჯან ცქვიტარის ფოთიდან თბილისამდე მსვლელობის დროსაც შეხვდნენ. დევნილები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმმჯდომარემ ეკა ბესელიამაც მიიღო. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ფოთის მერი ირაკლი კაკულია.
ფოთში, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 280 დევნილ ოჯახზე ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილა. ამ პროცესში მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იღებდნენ, რომლებმაც ბინების განაწილების სამართლინობა დაადასტურეს.
სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (ალიანსი „ოქროს საწმისი“, „დიოსკურია“, „ჩართულობიდან დემოკრატიამდე“ და სხვა) მონიტორინგი ჩაუტარეს იმ დევნილ ოჯახებს, რომელთათვისაც საცხოვრებელი ფართის გადაცემის კანონიერებას ეჭვქვეშ მსვლელობის მონაწილეები აყენებდნენ. მონიტორინგის თანახმად, ყველა დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები სამართლიანად, კრიტერიუმების სრული დაცვით გადაეცა. გადამოწმების პროცესში, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესებამებოდა მათ ქულას.
ფოთში საცხოვრებელი ფართები სამართლიანად და კრიტერიუმების სრული დაცვით განაწილდა. სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს ადგილზე შეისწავლოს ყველა იმ დევნილი ოჯახის მდგომარეობა, რომლებსაც სამინისტრომ ბინები გადასცა.