ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არბიტრაჟი ჩაანაცვლებს და გახდება სახელმწიფო სასამართლოს ალტერნატივა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც საერთაშორისო საარბიტრაჟო კონფერენცია მიმდინარეობს.
მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიება არის ერთ-ერთი უმსხვილესი საარბიტრაჟო კონფერენცია, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. ფადი ასლის ინფორმაციით, კონფერენციას ესწრება 150-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს ექსპერტები.
"ქვეყნისთვის, რომელსაც სჭირდება განვითარება და ინვესტიციების მოძიება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ღონისძიების ჩატარება, რადგან ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არბიტრაჟი ჩაანაცვლებს და გახდება სახელმწიფო სასამართლოს ალტერნატივა. ეს თავისთავად პოზიტიურ მესიჯს უგზავნის ინვესტორებს, რომლებმაც იციან, რომ სასამართლოს გარდა მათ აქვთ სხვა საშუალება", - აღნიშნა ფადი ასლიმ.
საერთაშორისო საარბიტრაჟო კონფერენციას ესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ასევე ღონისძიებაზე იმყოფებიან არბიტრაჟის პრაქტიკოსები ლონდონიდან, პარიზიდან, სტამბულიდან, ვილნიუსიდან.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი. მათივე განმარტებით, ბიზნესმენები არ იქნებიან იძულებულები ყველა დავის შემთხვევაში სასამართლოს მიმართონ.
"იარსებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიიული და სანდო მექანიზმი, ამისთვის კი საარბიტრაჟო დავების მექანიზმი მოქნილი და ბიზნესის ინტერესებზე მორგებული უნდა იყოს და ის მაქსიმალურად უახლოვდებოდეს გაერო-ს არბიტრაჟის წესებს", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტისადმი კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად იუსტიციის სამინისტრომ არბიტრაჟების შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტი მიმდინარე წლის ზაფხულში წარადგინა.